logo
ENG



მერია მამისონთან ხელშეკრულებას წყვეტს და გოცირიძის ექსპლუატაციის პროცედურებს განახორციელებს

21 დეკ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/lus7hfheviuf03q.jpg

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კომპანია მამისონთან ხელშეკრულებას წყვეტს და მეტროსადგურ გოცირიძის ექსპლუატაციაში მისაღებ პროცედურებს თავად განახორციელებს. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა "კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო", სადგური ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.

"მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც გამოსასწორებელია. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია მამისონმა არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნული კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აღნიშნულ დეფექტებს გამოასწორებენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარკოვს, მათთან ხელშეკრულება გაწყვიტეთ. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში მამისონი ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს. გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია "გაშავდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია მამისონს სასამართლოს გზით მოსთხოვს.

"მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები, აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ამდენი ხნის განმავლობაში, ელემენტარული დოკუმენტაციის წარმოებას ვერ ახორციელებენ. ყველა სამუშაოზე, რაც ჩასატარებელია, ყველა დეფექტზე რაც გამოსასწორებელია, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ, ხოლო თანხა, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით, მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეტროსადგურ გოცირიძის ექსპლუატაციაში მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მალე მოემსახუროს მგზავრებს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია 2020-ი წლის ივლისში დაიწყო. პროცესი, თავდაპირველი ინფორმაციით, გასული წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, ახალი გეგმით სადგური 2022 წლის პირველ ნოემბერს უნდა გაეხსნათ. 

ამჟამად კვლავაც უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური გოცირიძე. 


close დახურვა