logo
ENG



ახალგორიდან თბილისისკენ სამკურნალოდ მიმავალი წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

03 იან 202312:49
3 წუთის საკითხავი
 

ახალგორიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი მშობლებს დედაქალაქში სამკურნალოდ გადაჰყავდათ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიღების მიზნით თბილისში გადმოყვანაზე მზადება მიმდინარეობდა.

ბავშვის ე.წ. საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დროში გაიწელა. ფორმულას ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მცირეწლოვანის დიაგნოზი ახალგორის საავადმყოფოში რუსულ ენაზე იყო გაფორმებული. დოკუმენტის დასამტკიცებლად დამატებითი მოკვლევა გახდა საჭირო. პროცედურულად, რადგან გზა ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე ჩაკეტილია, პაციენტის სამედიცინო დასკვნა ჯერ ცხინვალში ე.წ ჯანდაცვის სამინისტროში იგზავნება, შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ნებართვა მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა.

საბოლოოდ მშობლებმა ბავშვი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ის თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა.

წლინახევრის ბავშვის ცხედარი გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ახალგორში საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მანამდე, ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც ბავშვის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, ხმაური და დაპირისპირებაც იყო.

ტრაგიკულ შემთხვევას აქტიურად აშუქებს ოსური მედია, რომელსაც პასუხისმგებლობის ისრები ოჯახზე გადააქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო პაციენტები გადმოსვლას რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებენ. 


close დახურვა