ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება.
"პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას და ჩვენ ერთად ვართ თქვენს წინაშე წარმდგარი არის ბათუმის ერთ-ერთი ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას. გიორგი კირთაძემ ბათუმში, ათასობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პრინციპულობას, პატრიოტიზმის, პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ყველაზე ვერაგი, ბოროტი და მახინჯი სახელისუფლებო სისტემაც კი, მოსყიდვა და დაშინებაც.
ჩემი ღრმა რწმენით გიორგი კირთაძე დღეს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხი, ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, რაც იხსნის ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრებისგან და ეს ფენომენი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მელიამ.
როგორც მელიამ ბრიფინგზე თქვა, საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური საკითხები, "რომელთა გადაჭრისთვისაც აუცილებელია ენერგიული პოლიტიკოსები და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა".
"სიახლე, პროგრესი, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია, რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა და მიცემა ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ერთგული ამ პოლიტიკური ტრადიციის და ხელი უნდა, აუცილებლად, მომავალშიც შევუწყო ახალი პოლიტიკური ლიდერების მოსვლა ცენტრალურ დონეზე, ნაციონალურ მოძრაობაში, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს მებრძოლი გუნდი. მიმაჩნია, რომ ტრადიცია და ნოვატორობა, გამოცდილება და ახალი ენერგია არის გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი წინაპირობა, ამიტომ, ერთის მხრივ აუცილებლად შევინარჩუნებთ ერთგულებას გამოცდილებისა და განვლილი გზის მიმართ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გზას არ დავუხურავთ ახალ იდეებს და ადამიანებს. დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური განსაკუთრებით, მწვავე მსოფლმხედველობითი საკითხები, რომლებიც საჭიროებენ გადაჭრას და რომლის გადაჭრისთვის აუცილებელია ახალი ენერგიული პოლიტიკოსები და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა", - თქვა მელიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია და 26 იანვრამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და 30 იანვარს დასრულდება.
პარტიის თავმდჯომარეობის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.