logo
ENG



ბრეგაძე: სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სააკაშვილზე ემპათიას დასკვნა არაა სარწმუნო

26 იან 202320:04
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე: სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სააკაშვილზე ემპათიას დასკვნა არაა სარწმუნო

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, ლევან სამხარაულოს ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის.

ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ დასკვნას სასამართლოს გადაუგზავნიან და სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე მსჯელობა იქ გაგრძელდება.

"დღეს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ დასკვნის შესაბამისად, ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინა სასამართლოს და გაგრძელდება შემდგომ მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფელბასთან დაკავშირებით სასამართლოში", - თქვა ბრეგაძემ.

პირველ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა. 

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.


close დახურვა