
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით ენმ-ის არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12 საათისთვის გახდება ცნობილი.
"ხვალ დილის 10 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს, უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ხმის მიცემას და მე მოვუწოდებდი ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მიიღოს აქტიური მონაწილეობა არჩევნებში. ერთ რამეში მინდა ნამდვილად დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები იქნება აბსოლუტურად ფარული, ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს მიიღეთ თქვენ მონაწილეობა არჩევნებში და ვის მიეცით თქვენ თქვენი ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა პრაქტიკულად არავის არ აქვს. არჩევნები დასრულდება 30 იანვარს დილის 10 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს. 10 საათზე კომისია დაიწყებს უკვე მუშაობას და ვვარაუდობთ, რომ 30-ში 12 საათისთვის უკვე შედეგები იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. არჩევნების მსვლელობისას, საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12, 3, 6 და 9 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თუ დაფიქსირდა ესა თუ ის ხარვეზი. თუმცა ჩვენ ასეთებს არ ველოდებით, რადგან ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არჩევნები ტარდება ელექტრონულად, საარჩევნო კომისიამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ეს პერიოდი იმისათვის, რომ 28-29 იანვარი იყოს მშვიდი, წყნარი და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე."- განაცხადა ნაყოფიამ.
* * *
ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.