პარტია ლელოს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური გემოვნების გამო, სხვადასხვა მეთოდებით "სჯის".
Facebook-ზე ბიბილაშვილი წერს, რომ მას ემუქრებიან, პოლიციას კი მუქარაზე რეაგირება არ აქვს.
"მინდა ჩემი ისტორია გაგიზიაროთ და თქვენი გამოხმაურების იმედი მაქვს.
- ერთ წელზე მეტია დიდი ბნელი პოლიტიკური აჩრდილი დამდევს ყველგან, სადაც ნაბიჯს გადავდგამ და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
- არჩევნების შემდეგ გამიჩერეს დისერტაცია უნივერსიტეტში და გამათავისუფლეს სამსახურიდან.
- ყველა უნივერსიტეტში, სადაც მივედი უარი მითხრეს ლექციების უფასოდ წაკითხვაზეც კი.
- ყველა მსხვილმა პარტნიორმა შემიჩერა კონტრაქტი ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით.
- ყველა პოტენციური დამსაქმებელი მთხოვს პირობის დადებას, რომ არასოდეს გავაკეთებ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებას.
- რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე მაჩერებდა პატრული მიზეზის გარეშე.
- მოსაღამოებულზე ფეხით სიარულისას სამსახურიდან სახლამდე ქუჩაში მხვდებოდა აგრესიულად განწყობილი ჯგუფი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მაცილებდა, სანამ ვარცხნილობა სრულად არ შევიცვალე.
- სამსახურში ახალმა თანამშრომელმა ფარული ჩანაწერები მოამზადა და დამემუქრა, პოლიციამ კი ჩემი საქმე ერთ კვირაში დახურა.
- ორჯერ დამიკავშირდნენ და დამემუქრნენ ჭორების გავრცელებითა და რეპუტაციული ზიანის მოყენებით.
- რამდენჯერმე მივიღე მუქარის შემცველი წერილი.
ეს მცირე ჩამონათვალია ხელისუფლების მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებიდან და მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნის წინ განვაცხადე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩემი "დასჯა" არასოდეს შეუწყვეტიათ. ეს სასჯელი არის ხელისუფლების სამაგალითო მესიჯი ყველა ახალი სახისთვის, რომელიც არსებული პოლიტიკის შეცვლას და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას მოინდომებს. არ ვნანობ, რადგან ვიბრძოდი და ვიბრძვი იმისთვის, რისიც მჯერა. მაგრამ თუ ყოველ ჯერზე ახალ სახეებსა და ახალ პოლიტიკოსებს, მსხვერპლად შევწირავთ, მალე თავისუფალი სიტყვის მთქმელი აღარ დარჩება ჩვენს შორის"- წერს ის.
ანა ბიბილაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი იყო.