logo
ENG



საპატრიარქო: ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულდა ჩვენი თხოვნით, პოლიტიკას ადგილი არ აქვს

01 თებ 202317:39
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია მათი თხოვნით და "აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს". 

გუშინ, 31 იანვარს ჩუბინაშვილის ცენტრის კვლევის პასუხად კულტურის სამინისტრომ გააავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია".

საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში აფასებს ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და უდასტურებს პატივისცემას.

განცხადება სრულად:

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ განმარტების გაკეთებას.

▪️აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

▪️მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

▪️რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

▪️ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც "მთავარი არხით" გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.

▪️დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე.

▪️დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას".

გელათის შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრმა ანგარიში 30 იანვარს გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.


close დახურვა