logo
ENG



"სასკანდალო რა არის?" - აბაშიძე ადასტურებს კარასინთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობას

02 თებ 202310:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/ixkyscmakgyhssa.jpg

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს აუდიოჩანაწერის ნამდვილობას, რომელიც გუშინ გავრცელდა.

"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - ამ სათაურით იუთუბ არხ კიბერ კმარაზე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. 

აბაშიძის თქმით, "ვერ ხვდება, რა არის [ამაში] სასკანდალო".

აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან საუბარი გასული წლის ივნისში ჰქონდა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მხრივ რთული ვითარება შეიქმნა. მისი თქმით, კარასინთან კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ჰქონდა.

"ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. 

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა", - ამბობს აბაშიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

გუშინ გავრცელებული კარასინი-აბაშიძის საუბრიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.


close დახურვა