შაბათ-კვირას ავსტრიასა და შვეიცარიის ალპებში რამდენიმე ზვავს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ ჩინეთის, ახალი ზელანდიისა და გერმანიის მოქალაქეები. ავსტრიის ხელისუფლებამ ზვავსაშიშროების მეოთხე დონე დააწესა - ძლიერი თოვლისა და ამ მხარეში ძლიერი ქარის გამო.
კვირას, ავსტრიის პოლიციამ 5 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ცნობები. გარდაცვლილებს შორის ასევე არის სათხილამურო გიდი.
შაბათს ასევე გარდაცვლილი იპოვეს 17 წლის ახალზელანდიელი, 32 წლის ჩინეთის მოქალაქე და 50-წლამდე გერმანელი კაცი, რომლებიც მონიშნული სათხილამურო ტრასებზე სრიალებდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა.
ორივე ქვეყანაში ხშირია ზვავები. ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, მხოლოდ შაბათს ტიროლის რეგიონში 30 ზვავი დაფიქსირდა, მათგან 11 ზვავის დროს ადამიანები დაშავდნენ.