logo
ENG



სამადაშვილი: ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის არანაირი შედეგის მომტანია

07 თებ 202312:23
3 წუთის საკითხავი
clock 440
პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ბოიკოტის გამოცხადებას პარლამენტის მუშაობისთვის,"უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის."
 
"ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის, უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მათ შორის ჩემთვის უცნაურია, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობაში ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა დღეს იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა და ახლა როდესაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პატიმრობაში სააკაშვილი საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება."- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
 
"ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის."- თქვა ხაბეიშვილმა. 
 

ნაციონალური მოძრაობის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობას სტრატეგია აღმაშენებელიც წყვეტს. პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას ემხრობა.


close დახურვა