logo
ENG



ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის აკრედიტაციის ახალი წესი გააუქმოს

07 თებ 202314:19
3 წუთის საკითხავი
clock 500
ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის აკრედიტაციის ახალი წესი გააუქმოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, 6 თებერვალს გამოცემული ბრძანება, რომლის თანახმადაც, პარლამენტში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი განისაზღვრება, გააუქმოს. ახალი რეგულაცია დღეიდან, 7 თებერვლიდან შედის ძალაში.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა. მით უფრო, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ, აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებებს", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება.

"ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის", - აცხადებენ ქარტიაში.

პარლამენტი მედიას ქცევის ახალ წესებს უდგენს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". 

ბრძანების მიხედვით განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იარსებებს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. განისაზღვრება, რამდენი მედია ჯგუფი შეძლებს აკრედიტაციის მიღებას.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ქცევის წესები იმისთვის წესდება, რომ "უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის და მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო". მისივე თქმით, "ეს წესები ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას".


close დახურვა