
კომპანია SpaceX-მა მიიღო ზომები, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დრონების მართვისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ვეღარ გამოიყენონ. ამის შესახებ SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა.
შოტველის თქმით, კონტრაქტის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებამ Starlink ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს - მაგალითად, ბანკების, საავადმყოფოებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ინტერნეტით უზრუნველსაყოფად. მან მაგალითად მოიყვანა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები Starlink-ის ტერმინალებს დრონების სამართავად იყენებენ - მიუხედავად იმისა, რომ შოტველის თქმით, "არასდროს იყო განზრახული მათი იარაღად გამოყენება".
"არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მათი შესაძლებლობების შესაზღუდად. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და უკვე გავაკეთეთ", - თქვა შოტველმა.
"ვიცით, რომ სამხედროები იყენებენ მათ კავშირისთვის და ეს ნორმალურია. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ [Starlink-ის ტერმინალები] ისინი შეტევითი მიზნებისთვის გამოიყენებოდნენ", - დაამატა კომპანიის ხელმძღვანელმა.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ Starlink-ის 30 ათასი ტერმინალი მიიღო. ქსელის მოხმარებას ნაწილობრივ აფინანსებენ დასავლეთის ქვეყნები და თვითონ კომპანია SpaceX.
2022 წლის შემოდგომაზე ილონ მასკმა სთხოვა პენტაგონს Starlink-ის მომსახურების ღირებულების ნაწილი საკუთარ თავზე აეღო და განაცხადა, რომ SpaceX-ს არ შეეძლო უკრაინაში ტერმინალების ფუნქციონირების უფასოდ შენარჩუნება. მაგრამ მასკმა მალევე გამოაცხადა, რომ SpaceX გააგრძელებს ინტერნეტის მიწოდებას უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ის "კარგავს ფულს". ამის შემდეგ დაახლოებით თვენახევრის შემდეგ Starlink-ის ტარიფები უკრაინელებისთვის გაიზარდა.