logo
ENG



მდინარაძის თქმით, რუსეთი ომში გაცილებით წინაა წაწეული და ეს "სამწუხარო რეალობაა"

09 თებ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძის თქმით, რუსეთი ომში გაცილებით წინაა წაწეული და ეს "სამწუხარო რეალობაა"
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, "გაცილებით წინ არის წაწეული", ამას კი "სამწუხარო რეალობას" უწოდებს.

გუშინ, 8 თებერვალს კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. დღეს კი დაამატა, რომ "რუსეთის უპირატესობა" ფაქტობრივი მოცემულობაა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაც და აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ამის მაგალითად კობახიძემ თქვა, რომ მაგალითად ბოლო 1-2 კვირაში უკრაინას დასახლება არ აუღია, რუსეთმა კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო. სწორედ კობახიძის ამ განცხადების შეფასება სთხოვეს ჟურნალისტებმა მდინარაძეს.

მდინარაძემ იგივე ნარატივი გააჟღერა და თქვა, რომ რუსეთის უპირატესობა არის რეალობა.

"მე როგორ მიმაჩნია, ეს არის მნიშვნელოვანი თუ სამწუხარო რეალობა რა არის, თქვენ როგორ ფიქრობთ?

სამწუხარო რეალობა რა გვაქვს, იქ [უკრაინაში]? ომის დაწყების დროს რა პოზიციებიც ეკავა ოკუპანტ ქვეყანას, იგივე პოზიცია უკავია? თქვენ როგორ იცით? ჩვენ ახლა რა რეალობაში ვართ? სამწუხარო რეალობა არის თუ არა ის, რომ ომის დაწყების დროს გაცილებით სხვა პოზიციები ეკავა და გაცილებით სხვა პოზიცია უჭირავს დღეს ოკუპანტ ქვეყანას უკრაინაში. ეს ასე არის თუ არა?

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ გაცილებით წინ არის წაწეული რუსეთი, მას შემდეგ, რაც შეიჭრა უკრაინაში", - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.


close დახურვა