logo
ENG



ზახაროვა: საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებებს ვითხოვთ

13 თებ 202321:54
3 წუთის საკითხავი
clock 1443

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი საქართველოსგან ოკუპირებული ტერიტორიების "წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებებს" ითხოვს.

ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთიერთობების გამყარებით დაინტერესებულია. მისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

ზახაროვა კრემლის რიტორიკას ავითარებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების განვითარებისთვის.

კითხვას - "როგორ აფასებთ რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან? როგორ გეგმავს მოსკოვი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას", ზახაროვა ასე პასუხობს:

"15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას. ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. ახლო ურთიერთობების დასტურად იქცა მათი მხარდაჭერა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა, ასევე დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მხარდაჭერა.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას.

რუსეთი რჩება რესპუბლიკების მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ეს საკითხები განიხილება შესაბამისი სამთავრობათაშორისო კომისიების ფარგლებში, ბოლო შეხვედრები სულ ახლახან გაიმართა (აფხაზეთთან 2022 წლის 6 დეკემბერს, სამხრეთ ოსეთთან 2023 წლის 8 თებერვალს). თითოეული რესპუბლიკისთვის ხორციელდება საინვესტიციო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, საცხოვრებელი პირობებისა და სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მიზნობრივი დახმარება ეწევა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს მშპ-ის პროგრესულ ზრდას და მოქალაქეთა კეთილდღეობას, ინვესტიციების მიმზიდველობის გაუმჯობესებასა და ეროვნული ბიუჯეტების შემოსავლების ზრდას. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები, ქმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს, აფართოებს ბაზრებს და შესაძლებლობებს ტურისტული და საქმიანი მოგზაურობისთვის.

ჩვენი ერების კონსოლიდაციას ემსახურება ერთობლივი საქმიანობა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში. აპლიკანტებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ენიჭებათ ადგილები რუსეთის უნივერსიტეტებში, საჯარო მოხელეები და მასწავლებლები გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს სპეციალიზებული რუსული ინსტიტუტების ბაზაზე. გრანტის მხარდაჭერით ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ რუსეთის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმებსა და კონკურსებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პატრიოტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთო ისტორიის სამახსოვრო თარიღებთან, მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან. ქვეყნების შემოქმედებითი გუნდები წარმატებით ცვლიან ტურებს, ასრულებენ საკონცერტო პროგრამებს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან სამოკავშირეო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ", - ამბობს მარია ზახაროვა.

 


close დახურვა