მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და 5-საათიანი დაგვიანებით დაიწყო, 40 წუთში დასრულდა.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სხდომაზე 3 საკითხი განიხილეს.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდის სხდომაზე "საკამათო არაფერი არ იყო".
"სულ რაღაც 3 საკითხი იყო, ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის, ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობის 45 წლის იუბილე, ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილი გავაგზავნეთ თურქეთის სახელმწიფოში, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ცოტათი ამაზე ვისაუბრეთ, დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც დღეს 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, 17:00 საათზე დაიწყო. სინოდის სხდომა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ ელოდებოდნენ პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც სინოდის თავმჯდომარეა და რომელსაც უნდა გაეხსნა სხდომა.