logo
ENG



ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 27 თებერვალს გაიმართება

16 თებ 202316:29
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 27 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი პოზიციები წარუდგინეს.

პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ საჯარო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის საჯარო გამოსვლები მტკიცებულებად მიეღო.

კერძოდ, ადვოკატებმა ამ განცხადებების დართვა მოითხოვეს საქმეზე იმის მტკიცებულებად, რომ დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. 

27 თებერვალს სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება, მათ შორის, დაცვის მხარე წარმოადგენს წვრთნების ამსახველ ვიდეო მასალებს.

ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

მოვლენების მსგავსი განვითარებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, ფორმულას შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს. ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ადვოკატებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანიც - ჩაახშოს დამოუკიდებელი მედიის ხმა.

29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

 


close დახურვა