logo
ENG



EU-ს ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ETIAS პროცედურა 2024 წლიდან ამოქმედდება

01 მარ 202311:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/6tauz975oavkzah.jpg

ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურობისთვის ახალი ETIAS პროცედურა, რომელიც ელექტრონულ სამგზავრო ავტორიზაციასა და ვიზის მოსაკრებელს ითვალისწინებს, 2024 წლიდან ამოქმედდება.

თავდაპირველად ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ 2023 წლის მაისიდან ევროკავშირში მოგზაურებისთვის ვიზის მოსაკრებლის სქემას, ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) აამოქმედებდა.

სისტემა იმ ქვეყნებისთვის იმუშავებს, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ეს პროცედურა ვიზაზე ბევრად სწრაფია, ონლაინ კეთდება და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა ყველა მოგზაურისთვის მისი დასტურის მიღება აუცილებელი პროცედურა იქნება, რომელსაც გადასახადიც ახლავს.

სისტემა და მასთან დაკავშირებული გადასახადი არ შეეხებათ ევროკავშირის მოქალაქეებს, ვისაც ბლოკის ქვეყნებში გადაადგილების თავისუფლება აქვთ.

თუმცა ყველა სხვა ადამიანს, ვინც იმ ქვეყნიდან შევა ევროკავშირის ტერიტორიაზე, საიდანაც მანამდე ვიზის აღების აუცილებლობა არ არსებობდა ETIAS პროცედურა სავალდებულო გახდება. ეს გადაწყვეტილება ჯამში 60 ქვეყანას შეეხება, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საქართველოსაც. არაფერი იცვლება მათთვის, ვისთვისაც ბლოკში შესვლისთვის ვიზის აღება აუცილებელი იყო.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აპლიკაციის პროცესი დიდწილად ავტომატიზებული IT სისტემით მოხდება და დასტურს რამდენიმე წუთში, აპლიკანტების დაახლოებით 95%-ზე გასცემს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასტურს, შესაძლოა, ერთ თვემდე დრო დასჭირდეს და ყველას, ვინც უარს მიიღებს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება.

ETIAS-ის ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ულიმიტო რაოდენობის შესვლებზე. თუმცა მისი მფლობელები უნდა დაემორჩილონ იმიგრაციის წესებსა და დარჩენის ლიმიტებს. ამ ეტაპზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ბლოკში ყოველ 180-დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.

საფასური 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის 7 ევრო იქნება. ამ ეტაპზე უცნობია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაწესებული თანხა.

ევროკავშირის თქმით, ETIAS სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ბლოკს შენგენის ზონაში, როგორც უსაფრთხოების, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება, ვინაიდან ეს სქემა საზღვრის მენეჯმენტსა და საზღვრის გადაკვეთის შედეგად არსებული დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.

ETIAS-ის აპლიკაციების შევსების საწყისი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.


close დახურვა