logo
ENG



სტუდენტის სტატუსი ჯარისგან ავტომატურად ვეღარ გიხსნით - რა ცვლილებები იგეგმება

02 მარ 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock 3735
2023/03/02/ky6ggbqwg5ygqpr.jpg

პარლამენტში განიხილავენ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც რიგ საკითხებთან ერთად სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც ეხება. იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან მისგან გათავისუფლების პირობები, მათ შორის სასულიერო პირებსა და სტუდენტებისთვის.

ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ვინც შეძლებს მის გადავადებას და რა ცვლილებებია გათვალისწინებული ამასთან დაკავშირებით? სწორედ ეს საკითხი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პარლამენტში, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირებაც კი მოყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებებს სწორედ იმისათვის იღებენ, რომ პარტია გირჩის რელიგიური ორგანიზაციის ბიბლიური თავისუფლების მოქმედებები შეზღუდონ.

რა იცვლება თავდაცვის კოდექსში?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას და თავდაცვის სფეროში არსებული მოქმედი სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებას. 

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება "არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა" დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას.

სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცლება სახელი და ეწოდა - "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება.

კერძოდ 12- თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების მიზეზი ვეღარ იქნება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. როგორც პროექტშია აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს, ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ ჯარში გაწვევა სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას შეეხება და შეიძლება კონკრეტული წლის განმავლობაში საერთოდ არ შეეხოს. რაც შეეხებათ უცხოეთში მყოფ სტუდენტებს, მინისტრმა განმარტა:

"მათაც ექნებათ იგივე საშუალება, შეიძლება პირმა ისწავლოს საზღვარგარეთ, აირჩიოს პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ ჩამოვიდეს ზაფხულში და გაიაროს საწყისი მომზადების კურსი".

გაიზარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის), განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ და მომდევნო წელს ავტომატურად შერჩეული იქნება სავალდებულო სამსახურისთვის. 

რა იცვლება სასულიერო პირებისთვის?

დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო სამხედრო სამსახურს 18-27 წლის პირები ექვემდებარებიან. ამასთან, მოქმედი კანონით გაწვევა გადაუვადდება მღვდელმსახურს ან პირს, ვინც სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების შემთხვევაში კი კონსტიტუციურ შეთანხმებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ "სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან".

ორივე შემთხვევაშ შედეგი ერთი დგება - მღვდელმსახური ჯარში აღარ მიდის. 

თავდაცვის კოდექსის ამჟამინდელი პროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი ვეღარ ისარგებლებს. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "გადავადების აღნიშნული საფუძველი არ არის თავსებადი იმ ხედვებთან, რომელსაც ავითარებს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით".

სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც 12 თვე გაგრძელდება.

სწორედ ამ ცვლილებებმა გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად თანასწორი იქნება კანონი მართლმადიდებელი და სხვა კონფესიების მღვდელმსახურების მიმართ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის ფარგლებში, არ იგეგმება ცვლილებების შეტანა კონსტიტუციურ შეთანხმებაში. კონსტიტუციურ შეთანხმებას კი იერარქიულად უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ორგანულ და საქართველოს კანონებთან მიმართებით.

"კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლში გამოყენებული სიტყვები - "სამხედრო ვალდებულება" მოიაზრებს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო, ისე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. შესაბამისად, ყველა სხვა რელიგიური გაერთიანებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ გათავისუფლებული იქნებიან როგორც "თავდაცვის კოდექსით" გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, ისე "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

"დაიხურება ეს ხარვეზი"

სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად პარტია გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება ჩამოაყალიბა. ის ახალგაზრდებს სასულიერო პირის სტატუსს აძლევდა. გირჩი სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგია და მას "მონობასაც" უწოდებს.

ბიბილური თავისუფლების საქმიანობა კი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების და მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს კრიტიკის ობიექტი.

პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების დარეგისტრირებამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა ბიბლიური თავისუფლება და მას "მავნებლური, გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა" უწოდა.

12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან საკითხი გავლილია და აღნიშნული საკითხი "ერთხელ და სამუდამოდ" მოგვარდება.

"ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გირჩი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და კონკორდატზე მიუთითებს, სადაც მე-4 მუხლი უცვლელად რჩება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე  განხილვის დროს, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, არის თუ არა კანონპროექტის პაკეტი დისკრიმინაციული, რაზეც გრიგოლ გიორგაძემ უთხრა, რომ „არა“.

ახალი სახის დისკრიმინაციის გაჩენაზე საუბრობს TDI-ც.

„იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს კიდევ ერთი დისკრიმინაციული კანონი, რომელიც დამატებით უთანასწორობას გააჩენს ერთი მხრივ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მეორე მხრივ, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას შორის, საჭიროა საკითხის კომპლექსურად განხილვა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთან, გირჩში აცხადებენ, რომ ჯარი ერთგვარი კონტროლი და მუქარაა დაუმორჩილებლობისთვის. ბიბლიური თავისუფლება კი ეხმარებოდა ყველაზე გაჭირვებულ ფენას, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება, 2000 ლარის გადახდით ჯარისგამ თავი აერიდებინა.

„არც ერთი პარლამენტარი ან მისი შვილი, ან ოჯახის წევრი არ არის ჯარში ნამყოფი. მინისტრი, როგორც მოქმედი არა არის ჯარში ნამყოფი, ისე იმის წინა არ არის ჯარში ნამყოფი. პრემიერ-მინისტრი ჯარში არაა ნამყოფი. ფაქტობრივად, გვაქვს ფარისევლობის კამპანია. საყოველთაო ტყუილია, არავინ ჯარში არაა ნამყოფი. ყველას ჯარი ფეხებზე ჰკიდია, თან იძახიან "აბა, ომი გინდათ" და თან ქვეყნის შეიარაღება გვინდა. ვინ ჭამს ამ სისულელეს, რომ ქვეყნის შეიარაღება კი არ გინდა, სინამდვილეში გინდა, რომ მთელი ქვეყანა კონტროლ ქვეშ გყავდეს და ვინც ხელს გიშლის, ჯარით დაემუქრო. ჯარი სინამდვილეში არის სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის, თუ ხმას არ მისცემ ქოცებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ფორმულას ეთერში.

გირჩში მიაჩნიათ, რომ პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, ახალგაზრდები თვითონ მოისურვებენ სამხედრო სამსახურის გავლას, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არაა. 

"125 ლარია ხელფასი დღე. სანდრო რაქვიაშვილმა დახურულ სხდომაზე ეუბნებოდა, ერთი ნული მოუმატეთ და 1250 ლარი იყოსო. და რა გვიპასუხეს იცით? მაშინ ხომ რიგები გვექნებაო. ჩვენც ამის გაგება გვინდოდა, რომ თუ ჯარის რეფორმას ატარებ, არ გინდა, რომ რიგი დაგიდგეს", - აღნიშნა ხვიჩიამ. 

 


close დახურვა