logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, რუსულმა კანონპროექტმა, რომელიც ჩააგდეს, "მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა"

10 მარ 202312:08
3 წუთის საკითხავი
clock 1234

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსულმა კანონპროექტმა, რომელიც პროტესტის შედეგად, ჩავარდა, "მნიშვნელოვანი საქმე გააკეტა სხვადასხვა თვალსაზრისით".

"ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობოების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, როგორიცაა ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან, ეს ორგანიზაციები არიან არა ქართველის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები და შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა. NGO-ების ხელით, საქართველოში ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, ამისათვის მადლობა ხალხის ძალის გუნდს და ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს", - თქვა კობახიძემ.

მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა