logo
ENG



აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი რუსეთია - სტრასბურგის გადაწყვეტილება

12 მარ 202316:57
3 წუთის საკითხავი
clock 677
2023/03/12/nhmlj5zjq2mw8v2.jpg

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთი სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ" დაადგინა, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სტრასბურგმა რუსეთს ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ ინდივიდუალურად 35 000 ევროს გადახდა, ხოლო 23 300 ევროს ოდენობით ხარჯების ანაზღაურება  დააკისრა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ეს საქმე პირველია, როცა დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2008 წლის ომამდე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაარღვია მომჩივანთა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლებით დაცული უფლებები.

"კერძოდ, მომჩივანები ლევან მამასახლისი და გრიგოლ ნანავა, 2001-2007 და 2003-2005 წლებში უკანონოდ დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდას ციხეში. ისინი დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობას და მათ არ ეძლეოდათ უფლება, ენახათ თავიანთი ოჯახის წევრები.

მოცემული ფაქტებისა და მთავრობის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებზე სრულად პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე, 2008 წლის აგვისტოს ომამდეც“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,  აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა ის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული არ ექვემდებარება საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ევროპული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, ასევე სამართლებრივად დადასტურდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და 1990-იან წლებში აფხაზების სასარგებლოდ რუსეთის უშუალო ჩართულობა სამხედრო კონფლიქტში.

"კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ხსენებულ კონფლიქტში აფხაზები არა მხოლოდ იყენებდნენ რუსულ იარაღს და მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსი იბრძოდა მათ მხარეს, არამედ რუსული სამხედრო შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა კონფლიქტის დასრულება სეპარატისტების სამხედრო გამარჯვებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ არაერთი საერთაშორისო წყარო მიუთითებს ამ კონფლიქტის დროს ქართველების „ეთნიკურ წმენდაზე“ - აცხადებს იუსტიცია.

 

close დახურვა