logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში, რეალურ გარდაქმნას ვერ მოვახდენთ

13 მარ 202314:32
3 წუთის საკითხავი
clock 577

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ პროტესტს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იყო, ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად გარდაქმნა სჭირდება. მისი თქმით, "ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის" პირობებში, საქართველო რეალურად ვერ დაუახლოვდება ევროკავშირს.

"გეოპოლიტიკური მოსაზრებებით რომც მიგვეღო ჩვენ კანდიდატის სტატუსი, ან მივიღოთ მომავალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ეს არის დიდი განაცხადი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, თუ ჩვენ არ გვეყოლა პროდასავლური, ანუ ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება, ეს ჩვენ არ გვიშველის - ჩვენ ვერ გავხდებით NATO-ს წევრი, რეალურად ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, რეალურ გარდაქმნას ვერ მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში. იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, სჭირდება გარდაქმნა ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად", - თქვა მან.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა ამ ბოლო დღეებში, არის დემონსტრირება ჩვენი საზოგადოების, პირველ რიგში, ახალგაზრდების ძალის და არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა სკეპტიკოსისთვის, რომ გვაქვს საფუძველი, თავისუფალი, უსაფრთხო, ევროპული, დასავლური ქვეყანა ავაშენოთ.

"ეს არის ჩვენი ისტორიული მისია და ჩვენ ეს შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ მყისიერად უნდა ვიყოთ მზად, გუშინ პრემიერის გამოსვლის ფონზე, რეაქციისთვის, თუკი ამ პუტინისტურმა რეჟიმმა გაბედა განხორციელება იმ რეპრესიების, რომელიც პრემიერმა გუშინ ასე უტიფრად გვანახა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე, ამ ჩავლილი მოვლენების ფონზე, რამდენიმე ფაქტი შევაჯამოთ: რამ მოიტანა ის შედეგი, ის წარმატება, რასაც უდავოდ წარმატება უნდა ვუწოდოთ ამ ეტაპზე.

ეს მოიტანა მკაფიო გზავნილმა საზოგადოების მხრიდან, ვინც რუსთაველზე იდგა, მკაფიოდ ნათქვამმა ამოცანამ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო რეაქციამ, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ეს, თუმცა ერთია, პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯის შეჩერება და მეორეა, ქვეყნის რეალური წინსვლა. პირველი არის შესაძლებელი ასეთი ეფექტური პროტესტით, მეორე არის შეუძლებელი ხელისუფლების შეცვლის გარეშე", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამ პროტესტმა აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიების საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან ნდობის ლეგიტიმაციის კონტაქტის პრობლემა აქვთ და დღეს ეს უნდა იყოს ფოკუსში, რადგან პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ განხორციელდება.

"მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილი, ამიტომ ახლა პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საკითხია, ჩვენ კვლავ არ მივიღოთ ჩვენი საუკეთესო მეგობრებისგან მცდარი გზავნილები, ისევ გადღაბნილი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, რაღაც გაურკვეველ დიალოგზე, ანუ ილუზია რეალური შედეგებისა ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე", - განაცხადა ბოკერიამ.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა