logo
ENG



მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს - პოლიცია უმოქმედოა

14 მარ 202313:47
3 წუთის საკითხავი
 
კადრი ვიდეოდან / მარი ნიკურაძე

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს, როგორც ამბობენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.

ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ნასროლი ლოდი აივნიდან მათ ოფისში შევარდა და ოთახში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს თავში ხვდებოდა, რომელმაც თავი ხელებით დაიცვა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სცადა, ფორმულას ჟურნალისტისთვის პირდაპირი ჩართვის დროს ხელი შეეშალა და დეზინფორმაციაში დაედანაშაულებინა, თუმცა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხა. 

პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.

ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.

პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.


close დახურვა