logo
ENG



IBP-ის თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგზე ღარიბაშვილმა არასწორი განმარტება გააკეთა

15 მარ 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
IBP-ის თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგზე ღარიბაშვილმა არასწორი განმარტება გააკეთა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის განცხადებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში საქართველოს რეიტინგის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არასწორი განმარტება გააკეთა. ამის შესახებ IBP განცხადებას ავრცელებს და გასულ კვირას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს.

"იმედგაცრუებული დავრჩით, როცა ვნახეთ, რომ კანონის გასამართლებლად საქართველოს პრემიერმინისტრმა არასწორად განმარტა ქვეყნის რეიტინგი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში. ჩვენ გვინდა განვმარტოთ, რას ზომავს კვლევა და რას - არა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობას და საზოგადოების ოფიციალურ მონაწილეობას მთავრობის ბიუჯეტის პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია საკვანძო საბიუჯეტო დოკუმენტებში.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბიუჯეტო პროცესის მიღმა, საქართველო საზოგადოებასთან სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია. მართლაც, დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები გამოკვეთა", - აღნიშნულია განცხადებაში.

IBP-ის განცხადებით, თვალს ვერ დახუჭავენ საქართველოს მთავრობის მიერ ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის გამოყენებას იმ დრაკონული კანონის გასამართლებლად, რომელიც გამჭვირვალობის საბაბით დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს.

12 მარტს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო მსოფლიოში "ნომერ პირველია". ის, ასევე, თავს დაესხა ევროპარლამენტარებს და თქვა, რომ ისინი კორუფციის სქემაში არიან გახვეულები. ღარიბაშვილმა ისაუბრა უკრაინის ხელისუფლებაზეც და მათი რამდენიმე წარმომადგენელი შეურაცხმყოფლად მოიხსენია. ღარიბაშვილმა ახსენა რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეებიც და თქვა, რომ რამდენიმეს ფოტო ნახა და ისინი "სატანისტების ფორმებში" იყვნენ.


close დახურვა