logo
ENG



4-დღიანი დაყოვნების შემდეგ პანკისელი ქალი და მისი 2 წლის შვილი საქართველოში არ შემოუშვეს

18 მარ 202317:52
3 წუთის საკითხავი
 

23 წლის პანკისელი ქალი, ლეილა ქავთაროვა მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან უკან, საფრანგეთში გააბრუნეს. ის აეროპორტში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. მათი არშემოშვების მიზეზი ოჯახისთვის უცნობია. 

ლეილა ქავთაროვა პანკისში აპირებდა დაბრუნებას, სადაც მისი ოჯახი და ახლობლები ცხოვრობენ. თავად ქავთაროვაც წლებია, პანკისში ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მას რუსეთის მოქალაქეობა და საფრანგეთში ბინადრობის უფლება აქვს.

ქავთაროვას მეუღლის, ბექა ტოხოსაშვილის თქმით, ქალი 2 წლის შვილთან ერთად ოთხი დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ჰყავდათ და ქავთაროვას, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს დაუკავშირდა, ტელეფონიც ჩამოართვეს.

ქალის საქართველოში შემოშვების მოთხოვნით პანკისში საპროტესტო აქციაც გაიმართა.

„ქუთაისის აეროპორტში ჩემი მეუღლე ჩვენს 2 წლის შვილთან ერთად არ შემოუშვეს. ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი. რა შეიძლება დაუშავოს საქართველოს ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. მას აეროპორტში ჩამოართვეს ტელეფონი, მას შემდეგ, რაც ის ჟურნალისტს დაუკავშირდა. 4 დღე ჰყავდათ პატარა ოთახში შეყვანილი, გაუსაძლის პირობებში. ყველაფერი ქნეს იმისთვის, რომ ჩემს ცოლთან კონტაქტი არ მქონოდა“ - აცხადებს ბექა ტოხოსაშვილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის ქეთი ჩუთლაშვილის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქავთაროვას ოფიციალურ მიზეზად უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 პუნქტის ჩანაწერი „კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები“ დაუსახელა.

ადვოკატი აცხადებს, რომ უწყება ამ პუნქტს მაშინ მიმართავს, როცა ქვეყანაში არშემოშვების რეალური მიზეზის დასახელება არ სურს.

„მიზეზად მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუმარტა და მიუთითა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტზე, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში არშემოშვებას კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გამო. კანონის ეს ჩანაწერი საკმაოდ პრობლემურია, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არცერთ სხვა ნორმატიულ აქტში არ არის დაკონკრეტებული, ამიტომ ადამიანისთვის, რომელსაც მიემართება ეს ნორმა შეუძლებელია გაიგო ზუსტად რა მიზეზით ეუბნება ქვეყანა შესვლაზე უარს. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ძალიან ხშირი არის მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელების შემთხვევაში“ - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა


close დახურვა