logo
ENG



"ყოველ წელს ხდება, გამორჩეული შემთხვევა არაა" - თსუ ბაგების საცხოვრებელში ოფიცრების შესვლაზე

19 მარ 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/syipfjh2xix6cq9.jpg

თსუ-ის სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი მაისის სტუდენტური მოძრაობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა, ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს საცხოვრებელში გეგმური შესვლა იყო, რასაც მართლწესრიგის ოფიცრები ყოველ წელს აკეთებენ.

გიორგი გრიგოლაშვილის თქმით, მართლწესრიგის ოფიცრები შევიდნენ ბაგების სხვა საერთო საცხოვრებლებშიც, მათ შორის იმ კორპუსებში, რომლებიც თსუ-ს არ ეკუთვნის და სტუდენტების გარდა თსუ-ის თანამშრომლების და სხვა მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაციაც შეაგროვეს.

მისი აზრით, 15-16 მარტს სტუდენტურ საცხოვრებლებში ოფიცრების შესვლა არ ებმის რომელიმე კონკრეტულ ფაქტს, რადგან ამგვარი პრაქტიკა წინა წლებშიც არსებობდა და ამ შემთხვევაშიც შეგროვდა არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ ყველა მაცხოვრებლის შესახებ მონაცემები.

„ყოველ წელიწადს სისტემატურად ხდება ხოლმე ასეთი რაღაც. წელს გამორჩეული შემთხვევა არ ყოფილა. 15-16 მარტს იყვნენ მართლწესრიგის ოფიცრები. სისტემატურად ხდება ხოლმე ასე, რომ მიდიან და იქ მაცხოვრებლების მონაცემებს აგროვებენ. არა მარტო სტუდენტების მონაცემები შეგროვდა, იქ ჩვენი თანამშრომლებიც ცხოვრობენ, რა დასახლებული ადგილებიცაა იქაც იყვნენ ჩვეულებრივად. ეს მე როგორც ვიცი წინა წლების გამოცდილებით, ჩვეულებრივად, წინა წლებში როგორც ხდებოდა მართლწესრიგის ოფიცრები მოდიოდნენ და აგროვებენ ინფორმაციას მაცხოვრებლების შესახებ“ – განაცხადა გრიგოლაშვილმა.

გრიგოლაშვილის თქმით, თავად თსუ არაა ინფორმირებული როდის ჩათვლის პოლიცია საჭიროდ ადგილზე მივიდეს და "კანონით გათვალისწინებული ქმედებები" განახორციელოს. მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცრების საცხოვრებლებში შესვლის შესახებ წინასწარ არც წინა წლებში ჰქონდათ ინფორმაცია.

19 მარტს მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტების პირად მონაცემებს აგროვებდა.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტის საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

მოძრაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და ასევე პროფესორებისგან მოითხოვს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და მომხდარზე რეაგირებას.


close დახურვა