საქართველოს მთავრობის ცნობით, განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
"ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამდებობა მან საკუთარი სურვილით დატოვა. ღარიბაშვილმა უკვე წარადგინა მისი შემცვლელი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი.