logo
ENG



"არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა" - სახდეპის ანგარიშში სააკაშვილზეც არის საუბარი

20 მარ 202320:24
3 წუთის საკითხავი
 
"არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა" - სახდეპის ანგარიშში სააკაშვილზეც არის საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების თაობაზე 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, "წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ".

"სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ხელისუფლებას შეესრულებინა ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომლებმაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს. 11 მარტს ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, დროული, სრული და ადეკვატური მკურნალობის ნაკლებობა, არაზუსტი დიაგნოზი და არასათანადო სამედიცინო დახმარება შეიძლება უტოლდებოდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.

4 მაისს მანვე განაცხადა, რომ "პაციენტის მდგომარეობა ითვლება საგრძნობლად გაუარესებულად და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ უზრუნველყოფას". 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კვლავ გასინჯა სააკაშვილი, შეაფასა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა "მძიმედ" მიიჩნიეს. ომბუდსმენის აპარატმა ასევე გაასაჯაროვა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა გაიარა, მისი მდგომარეობა "სწრაფად უარესდებოდა".

პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური (SIS) იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას 2021 წლის ნოემბერში მისი იძულებით გადაყვანის დროს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციარულ კლინიკაში. SIS-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის ვიდეოების გასაჯაროებით", - წერია სახ.დეპის ანგარიშში.


close დახურვა