ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით ამბობს, რომ "დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას".
კობახიძე ფიქრობს, რომ "დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა" და ახლა ყველა "მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა კონცენტრირდეს".
"რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს ახლო მომავალში ყოველ შემთხვევაში, რაც არის ძალიან მძიმე, ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად, მძიმე პროცესია - მიგრაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები. ასეთ ვითარებაში ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე და პრობლემის დაძლევაზე"- თქვა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა ისტორიული გადაწყვეტილება ჰააგის გადაწყვეტილება, კობახიძე ფიქრობს, რომ ისტორიული შედეგი "უკრაინაში მშვიდობის დამყარება იქნება".
"რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას"- ამტკიცებს ის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ეშინია მას პუტინს უწოდოს დამნაშავე, კობახიძე ამტკიცებს, რომ "არავის არაფრის არ ეშინია".
"მე გაგახსენებთ 2008 წელს - სჯობდა მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. სჯობდა გორში კი არ გაქცეულიყო მაშინდელი ე.წ. მთავარსარდალი, მაშინ კი არ შეშინებოდა, მანამდე შეშინებოდა. როცა გაიქცნენ წითელი ხიდისკენ, ომამდე უნდა შეშინებოდათ. შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს და როცა არ უნდა შეგეშინდეს და როცა ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, უნდა აჩვენო სითამამე, წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით. ომამდე არ ჰქონდა შიშით და ომის დროს შეეშინდათ და ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით. უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა. ეს შიში არამარტო გამართლებულია, რამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე"- თქვა კობახიძემ.
17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.
საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე.
მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა.
ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის "მნიშვნელობა არ აქვს.