ხატია დეკანოიძემ ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ პარტია "ძველი პარადიგმებით არ უნდა იმართებოდეს".
"ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, ემოციური, მაგრამ სწორი. ამ ეტაპზე ჩემი და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობა, რომელშიც მე გავატარე მრავალი წელი, არის დასრულებული. ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, როდესაც საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს.
არც პარლამენტში და არც პარლამენტს მიღმა არ გავატარებ ისე, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრების უფლებები, რომ არ ვიბრძოლო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ", - თქვა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან.