logo
ENG



კოალიცია: სააპელაციოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფორმულას სიცოცხლისუნარიანობას

24 მარ 202318:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/24/tv3jkffxkzcl2ys.jpg

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე სამაუწყებლო კომპანიის სიცოცხლისუნარიანობას და გაზარდოს სარედაქციო წნეხი ჟურნალისტებზე.

სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელსა და 51%-იანი წილის მფლობელს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, დაახლოებით 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ემყარება, უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს თავდაცვის ძალებში ე.წ. წვრთნების საქმეზე. ამ საქმეზე რჩება არაერთი კითხვის ნიშანი და ამავე საქმეზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია გამამართლებელი განაჩენი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს შეცვალა.

როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, ეს არ არის პირველი საქმე კრიტიკული მედიის მფლობელის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო განხილვაშია. სასამართლო განიხილავს ტელეკომპანია "პირველის" მფლობელის ოჯახის წევრის საქმესაც. ასევე, პატიმრობაშია "მთავარი არხის" დამფუძნებელი და თანამფლობელი ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეაფასეს.

"ხელისუფლების მიერ მედიაზე ზეწოლის მცდელობები არა მარტო აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, არამედ აღრმავებს პოლარიზაციას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რადგან დეპოლარიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა სტატუსის მისაღებად აუცილებელი პრიორიტეტული ამოცანების ნაწილია", - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაკოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე არ იქნეს გამოყენებული კრიტიკული მედიის დევნისთვის.


close დახურვა