logo
ENG



სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის პრიზი გადაეცა

25 მარ 202321:24
3 წუთის საკითხავი
 

ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.

ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ინდივიდებს ან ორგანიზაციებს, ვინც აქტიურად მუშაობს ადამიანის, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კომიტეტი პრიზს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის სახელით გასცემს, თუმცა გადაწყვეტილებას პრიზის კომიტეტი დამოუკიდებლად იღებს.

„მოხარული ვართ შეგატყობინოთ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით შურ ლინდერბრექეს პრიზი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის 2023 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა. კონსერვატიული პარტია პრიზს სააკაშვილს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების  ხელშეწყობისთვის მუშაობისთვის გადასცემს“ - წერია კომიტეტის განცხადებაში.

ნორვეგიის კონსერვატიული პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად თავის ქვეყანაში პატიმრობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

პრიზის კომიტეტის ხელმძღვანელის იანა ჰოლანდ მატლარის თქმით, სააკაშვილის მხარდაჭერა ევროპაში დემოკრატიის მხარდაჭერას ნიშნავს.

"მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს დემოკრატიულ ძალებს. მისი მხარდაჭერა ნიშნავს ევროპაში დემოკრატიის მხარდაჭერას. მისთვის ჯილდოს გადაცემა ასევე ნიშნავს მხარდაჭერის გამოცხადებას მათთვის ვისაც ევროპის უახლოეს ძალიან მოწყვლად რეგიონში უთვალთვალებენ, ჩაგრავენ და ასამართლებენ",  - განაცხადა მან.

სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდო გიული ალასანიამ და ნიკოლოზ სააკაშვილმა ჩაიბარეს.

დაჯილდოების ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მისმა შვილმა წაიკითხა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ხდება ოლიგარქის სათამაშო მოედანი. საქართველო უფრო და უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის, ისევე როგორც ქვეყნის მომავალი და დასავლური პერსპექტივა. არ ვემხრობი იმას, რაც ამჟამად ხდება საქართველოში და ამის პარალელურად, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი - ქვეყანას თავს დაესხა რუსეთი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავს ესხმის უკრაინას. მხარს ვუჭერ ვოლოდიმირ ზელენსკის სრულად. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო გამბედავი ადამიანი, მაგრამ მან გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს. 2008 წელს მახსოვს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ შემომთავაზა, რომ გავქცეულიყავი ქვეყნიდან და მიმეღო პოლიტიკური თავშესაფარი, რაზეც უარი ვთქვი.

ვაკვირდები ამ ისტორიულ ბრძოლას უკრაინისა რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება უარს ამბობს ჩემს გათავისუფლებაზე, მე მაინც ვადევნებ ამ ყველაფერს თვალს და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ზომას, არც იმას - ეს არის ბირთვული თუ არა ბირთვული ძალა, როცა საქმე ეხება თავისუფლებისთვის ბრძოლას, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპებისთვის ბრძოლას, თავისუფლებისთვის ბრძოლა იღებს სხვადასხვა ფორმას როგორც ვხედავთ და სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ მიზანი ყოველთვის უცვლელია. სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, თავისუფლების უზრუნველყოფა - ამჟამად ვარ ძალიან ავად, რაც არასწორი მოპყრობის პირდაპირი შედეგია, ისეთი მოპყრობის, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს ჩემს ჯანმრთელობას. არაერთი ექიმი ხაზს უსვამს იმას, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო და ქართული ოცნების აზრით ამაში კვლავ მე ვარ დამნაშავე. მჯერა რომ მსოფლიო უნდა არსებობდეს ავტოკრატების, ოლიგარქების და შიშის გარეშე. იმედი მაქვს, რომ ვიცოცხლებ იმდენ ხანს რომ ეს ახალი სამყარო ვიხილო, რომელიც ამგვარი შიშისგან იქნება თავისუფალი", - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. 


close დახურვა