logo
ENG



წულუკიანი ფრანკლინის კლუბზე: ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლოა

27 მარ 202315:16
3 წუთის საკითხავი
clock 656
წულუკიანი ფრანკლინის კლუბზე: ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლოა

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის შემდეგ, ფრანკლინის კლუბს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც ესხმის და მას "ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილ სამჭედლოს" უწოდებს. წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ კლუბის გამოყენებას მომავალი წლის საარჩევნო პროცესებისთვის ცდილობენ.

"როგორც ირკვევა ფრანკლინის ე.წ. კლუბი გახლავთ რეალურად ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც მე არ მგონია, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ დიდ ადამიანთან, რომლის სახელსაც ატარებს და მე არ მგონია, რომ ეს სამუშაო იდეოლოგიური, რაც ამ ახალგაზრდებზე, ამ კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის.

ეს, ალბათ, უფრო არის არა ფრანკლინის კლუბი, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომელსაც მავანი ცდილობს, გამოიყენოს მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის და ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, დღეს არ არის ის ხელისუფლება სახელმწიფოს სათავეში, რომელიც მაშინ იყო, ახლა სხვა ხელისუფლებაა, სხვა რეალობაა, როგორც ისტორიული, ასევე, პოლიტიკური.

ქართული სახელმწიფო არ არის ის, რაც იყო 2003 წელს, არის 2023 წელი და რეალურად, მაინც ეს ადამიანები არიან, ვინც ეს კლუბი დააფუძნა და იდეოლოგიურ სამჭედლოდ აქცია პოლიტიკური მიზნებისთვის, მაინც არიან კმარას ნოსტალგიაში. ამიტომ, ამ კლუბის საქმიანობას ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად, იმიტომ, რომ არ იკვეთება, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტი და ახალგაზრდებს რთავენ ისეთ პროცესებში, რომელიც საბოლოო ჯამში, ღმერთმა არ ქნას, შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივიც არის", - აცხადებს წულუკიანი.

რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, მმართველი პარტია აქტიურად ესხმის თავს სტუდენტებსა და ახალგაზრდების. ფრანკლინის კლუბზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლუბის წევრებს "ანარქისტები" უწოდა და თქვა, რომ მათ აქციაზე "დავალება ჰქონდათ მიცემული, შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან". ფრანკლინის კლუბს პრემიერმინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროსაც დაესხა თავს და მას კვლავ "ანარქისტული მოძრაობა" უწოდა.

ღარიბაშვილის გარდა, კლუბთან დაკავშირებით ისაუბრა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ კლუბი "უცხოური გავლენის აგენტია" და ის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების "რეკრუტირებას" ახორციელებს.

ფრანკლინის კლუბი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. საქართველოს უნივერსიტეტი კი კობახიძისა და ღარიბაშილის წინააღმდეგ დავას იწყებს. 


close დახურვა