logo
ENG



ხავთასა, ლეკვი, მოლა, ხონსკი - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს

01 აპრ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/jmbqfkwal3b0tyu.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 4 ადამიანი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ცნობით, ე.წ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის დაკავებულები არიან 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად ხავთასა), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად ლეკვი) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად მოლა).

რაც შეეხება 1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად ხონსკი) ის "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული. 1977 წელს დაბადებული ჯ.კ.-ს კი, "კანონიერი ქურდობის" საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს განცხადებით, დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" ჯ.კ. (მეტსახელად ჯეირანა), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ცნობით, თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო ე.წ. კანონიერი ქურდი ჯ.კ. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო. შსს თქმით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერი ქურდს" უკავშირდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდობის, "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის და ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა