logo
ENG



დეკანოიძე: მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს წესი, დაუბრუნდეს პარლამენტის აკრედიტაცია ყველა ჟურნალისტს

07 აპრ 202311:18
3 წუთის საკითხავი
clock 909

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ ტელეკომპანია ფორმულას, მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება "ძალიან საშიში გადაწყვეტილებაა". მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ "მოქმედებს შერჩევის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი".

დეკანოიძე მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, გააუქმოს პარლამენტში ამოქმედებული აკრედიტაციის წესი და დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა ჟურნალისტს, რომელსაც შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება საკანონმდებლო ორგანოში.

"ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება. მაშინ, როცა პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე გაუვალ სფეროდ, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ არ დადიან კრიტიკულ მედიაში, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ზუსტად ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი და ზუსტად იმ დიქტატის წესი საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის და თავმჯდომარის მიერ დამკვიდრებული, რომელიც ძალიან მძიმე და საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის.

დაუყოვნებლივ გვინდა მოვითხოვოთ, რომ ეს წესი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გაუქმდეს, დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა ჟურნალისტს, რომელსაც შეჩერებული აქვს დღეს წარმომადგენლობა, შემოსვლა და თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და რეალურად, საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე და ყველა უმრავლესობის წარმომადგენელი მოიქცეს ისე, როგორც კანონმდებლობითაა გაწერილი. ისინი არიან საჯარო პირები და აქვთ ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, საქართველოს მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ წარმოადგენენ მოქალაქეების მანდატს, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

6 აპრილს პარლამენტმა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს, ასევე მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. 

პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შაბათის ფორმულას წარმომადგენლებს აკრედიტაცია 1 თვის ვადით - 3 მაისის ჩათვლით შეუჩერდათ.

რაც შეეხება მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავასა და ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, მათ აკრედიტაცია ელისო ბოლქვაძისთვის კითხვების დასმის შემდეგ შეუჩერეს.

ისინი დეპუტატს მოსამართლეების სანქცირების შესახებ ეკითხებოდნენ, რაზე პასუხადაც ელისო ბოლქვაძემ TV პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ "მათ მაყურებელს არ ცნობს."

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.


close დახურვა