logo
ENG



გრიბოედოვის თეატრი ფინანსურ დახმარებას რუსეთიდან მიიღებს

08 აპრ 202316:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/behc9sxbmu2y7f4.jpg

რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ცნობით, 2023 წელს, რუსული თეატრები რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას 10 ქვეყანაში მიიღებენ.

გამოქვეყნებული სიის თანახმად, ერთ-ერთი თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრია. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალა მანილოვამ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე "რუსული თეატრი საზღვარგარეთ, როგორც რუსული კულტურის ინსტიტუტი".

მანილოვას თქმით, რუსული თეატრების ფინანსური დახმარება განხორციელდება უახლესი თეატრალური სასცენო აღჭურვილობის შეძენისა და საპრემიერო სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის მიმართულებით.

"5 მილიონი რუბლი [გამოყოფილი იქნება] სასცენო აღჭურვილობისთვის, 5 მილიონი კი სპექტაკლებისთვის", - აღნიშნა მანილოვმა.

ამასთან, კულტურის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსული თეატრების დაფინანსების წყარო იქნება ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია "რუსული სეზონები".

TASS-ის ინფორმაციით, რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრები აფხაზეთში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ასევე, სამხრეთ ოსეთში.


close დახურვა