მეორე დღეა გაფიცვაა რიკოთზე. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არანორმირებულ სამუშაო საათებს აპროტესტებენ. გაფიცულები საუბრობენ შრომის უსაფრთხოებაზეც.
ცოტა ხნის წინ ისინი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარია ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებზე. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ მოთხოვნების შესრულებამდე.
გაფიცულები მოითხოვენ 9-საათიანი სამუშაო დღის ნაცვლად, 8-საათიან სამუშაო დღეს. ამასთან, ხელფასის გაზრდას დღეში 33 ლარიდან 50 ლარამდე. ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების ნომრები მინიმალურადაც არ არის დაცული. მაგალითად, მანქანაზე, რომლითაც მართავენ დაშვებულია 12 ტონა ტვირთის გადაზიდვა, მათ კი გადააქვთ 60 ტონა ტვირთი.
"რთული რელიეფია, ტელევიზორშიც აჩვენეს. გზები დაკეტილია. ზვავსაშიშ ადგილზე გვიწევს მუშაობა. მასა მანქანაზე რაც ედება, აღემატება დასაშვებს. ძალიან რთულ პრობლემებში ვართ", - ამბობს აქციის მონაწილე ლევან ტაბატაძე.
კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ დეტალები გასარკვევია.