logo
ENG



ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს: თავს ნუ გამოაყენებინებთ პოლიტიკოსებს

24 აპრ 202314:03
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტზე პირველად ისაუბრა და მშობლებს მიმართა.

მან მშობლებს, რომლებიც უკვე მე-6 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ მოუწოდა, არ გამოაყენებინონ თავი პოლიტიკოსებს და არ მიიღონ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა.

ღარიბაშვილს არ უთქვამს, აპირებს თუ არა გაითვალისწინოს მშობლების მოთხოვნა და შეხვდეს მათ.

"სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ ვნებათაღელვას, რომელიც არის შექმნილი აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტარულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყველამ გააკეთეს ვფიქრობ ამომწურავი კომენტარი, მათ განმარტებას მისცეს როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, საჯაროდაც გაკეთდა ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით, ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.

რა თქმა უნდა, მე ამ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო სრული თანაგრძნობა, ვუთხრა, რომ ჩვენ მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობას. მინდა ყველას შევახსენო, რომ ალბათ გახსოვთ, არავის გახსენებია არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართული არის ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი, არც მაშინ როცა იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როცა არიან ოპოზიციაში. გასაგებია, მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი თუ გაჭირვება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც ამორალური საქციელია, უზნეობა, ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, როცა ვუყურებთ ამ ადამიანების ჩართულობით უნდათ გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, სახელმწიფოს არ უთქვამს უარი მედიკამენტის დაფინანსებაზე. ის ირწმუნება, რომ ცდილობენ საკითხის წარმოჩენას ისე, "თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს [ბავშვებს], ყველაფერი შეიცვლება".

"მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს. მე მინდა კარგად ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციების მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის ამ საკითხში ჩახედული, ასე წარმოაჩინა საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს, თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს ყველაფერი შეიცვლება, ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

იცით თქვენ ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ამასთანავე, მან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე თქვა, რომ "ცოტა მოცდაა საჭირო".

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ "უპასუხისმგებლო პოპულისტები რომ იყვნენ, 10 მილიონს გამოყოფდნენ და წამალს შემოიტანდნენ", თუმცა, მთავრობა "წესებს და კვალიფიციურ აზრებს" მიჰყვება.

"200 ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩვენ ჩავერთოთ პროგრამაში, რაც დაუშვებელია. ჩვენ რომ ვიყოთ უპასიხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყდებით დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის სწორი, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრებს.

აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, გვაქვს კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმო-სთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება აღნიშნული საკითხი, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა