logo
ENG



სასამართლომ რეხვიაშვილის აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

27 აპრ 202314:52
3 წუთის საკითხავი
clock 720
2023/04/27/81umbxfpca15rk9.jpg

ბათუმის სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ჰეშთეგის წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.

მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან უშუალოდ ის გადაცემა (ჰეშთეგი), რომელიც მალხაზს მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, მოსარჩელეს 5000 ლარი მიაკუთვნა. სოციალური სამართლიანობის ცენტრში, რომელიც ჟურნალისტის ინტერესებს იცავდა, აცხადებენ, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ, შეაფასებენ დავის ამ ნაწილში ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების საკითხსაც.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას, ხაზს უსვამს ჟურნალისტის პროფესიული დამოუკიდებლობის არსებით მნიშვნელობას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.

მალხაზ რეხვიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოდან 2020 წელს გაათავისუფლეს. ის კრიტიკულად იყო განწყობილი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ, რომელიც მიიჩნეოდა, რომ სახელისუფლებო კანდიდატი იყო და მაუწყებლის თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას ებრძოდა.

რეხვიაშვილის პოსტი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას ეხებოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი და ტელევიზიის მენეჯმენტის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გახდა თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის მიზეზიც.


close დახურვა