logo
ENG



ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის მუხლით დაიწყო

02 მაი 202311:24
3 წუთის საკითხავი
clock 526

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია ფორმულას ინტერვიუ მისცა.

შუბითიძე პროკურატურაში გამოკითხვაზეც მას შემდეგ დაიბარეს. 29 აპრილს შაბათის ფორმულას ეთერში გამომძიებლის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, სადაც მან აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. გამომძიებელმა თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. საქმის გამომძიებელმა შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაუბრა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა პაპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში იქნა აღმოჩენილი. შემდგომში საქმე გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურას გადაეცა. პროკურატურის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა