logo
ENG



არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას - პაპუაშვილი "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვაზე

03 მაი 202322:41
3 წუთის საკითხავი
 
არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას - პაპუაშვილი "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონის მიღებას არ განიხილავენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა, ჩვენი საკანონმდებლო პროგრამა და ჩვენ ამით ვმოქმედებთ და მე მგონი, ამას საზოგადოება ხედავს, მეორე მხრივ, ასეთი ინიციატივები არამხოლოდ ცალკეული დეპუტატებისგან, იცით, რომ მათ შორის მსგავსი ინიციატივა აქვთ მოქალაქეების ჯგუფს წარმოდგენილი, იცით, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ხელმოწერების შეგროვების გზით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ ეს ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას.

მაგრამ კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს, მცდელობა რომ არის, რომ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტები და მათ შორის ასეთი ინიციატივების წამოყენებაც ეს არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, რომ მოქალაქეებს და ცალკეულ დეპუტატებს შეუძლიათ წამოაყენონ ინიციატივები, მაგრამ აქ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, ეს არასერიოზულია.

საკანონმდებლო წინადადებებია ხოლმე ხშირად, მოსახლეობასაც მედიის მხრიდან მიეწოდებათ ხოლმე, ისეთი წინადადებები, თითქოს პარლამენტი ახლა განიხილავს ამ საკითხს, იმ საკითხს, ეს არის ნაწილი ინიციატივებისა, რომელიც მოქალაქეებისგან მოდის და აქ უბრალოდ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას", - თქვა პაპუაშვილმა.

დღეს მსგავსი განცხადება გააკეთა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ - ისიც ამტკიცებს, რომ მმართველ პარტიაში "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილება. მისი თქმით, ამის რამდენიმე არგუმენტი არსებობს, მათ შორის, სამართლებრივი მოსაზრებებით ეს კანონი "არაა მისაღები". მდინარაძის აზრით არის პრაგმატული არგუმენტიც, რომლის მიხედვითაც "ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს".

ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა ალტ-ინფომ პარლამენტში გასული წლის ნოემბერში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში და გაჩნდეს შემდეგი მუხლი: "აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

ქართული ოცნების სატელიტურ ჯგუფებში "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის საკითხს აქტუალურს ხდიან.

გუშინ ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ კვლავ განაცხადა პარლამენტში, რომ "ლგბტ პროპაგანდა" უნდა აიკრძალოს. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.


close დახურვა