logo
ENG



8 ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია აფგან სადიგოვის საქმეზე ევროსაბჭოს გენ.მდივანს მიმართავს

20 აპრ 202623:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/5ynjmwi80n8ay9k.jpg

8 ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ, მათ შორის "კამპანია აზერბაიჯანში რეპრესიების დასასრულებლად", წერილით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს და მოითხოვა გადაუდებელი მოქმედება ჟურნალისტ აფგან სადიგოვის 2026 წლის 5 აპრილს თბილისიდან ბაქოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ.

წერილი მოიცავს ოთხ კონკრეტულ მოთხოვნას, რომელიც მიმართულია გენერალური მდივნის ოფისისადმი:

  • მოიხმოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლი და მოითხოვოს, რომ აზერბაიჯანმა განმარტოს, თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა კანონმდებლობა კონვენციის ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებული სისტემური დარღვევების ფონზე, მათ შორის საკუთარი მოქალაქეების ტრანსნაციონალური რეპრესიის შემთხვევებში ევროპის საბჭოს სხვა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე;
  • დაავალოს დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადება საქართველოს მოქმედებებთან დაკავშირებით სადიგოვის საქმეში, რათა შეფასდეს, შეესაბამება თუ არა მისი გაძევება - რომელიც განხორციელდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სავალდებულო დროებითი ზომის პირდაპირი უგულებელყოფით - კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს;
  • დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს კოორდინირებული და გრძელვადიანი რეაგირება დისიდენტების საზღვარგარეთ დევნის პრაქტიკაზე - პრობლემაზე, რომელსაც არსებული მექანიზმები აშკარად ვერ პასუხობს;
  • მოუწოდოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ხელმისაწვდომი დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტები აფგან სადიგოვის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის მისი ოჯახის გაერთიანების უფლების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ბაქოში დაბრუნების შემდეგ იგი უკვე ორჯერ დაიბარეს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.  

5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.

აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

მანამდე, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა დაწერა, რომ აფგან სადიგოვს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 


close დახურვა