logo
ENG



8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

10 იან 202313:56
3 წუთის საკითხავი
 

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე სასამართლომ 4 ადამიანი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათ ბრალად თანასწორუფლებიანობის დარღვევა და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობა ედებათ.

"სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.

ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით - მათ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

უწყება მიუთითებს, რომ საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება.

***

ორგანიზაცია საფარი აღნიშნავს, რომ ხუთივე კაცი 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კომიტეტს საფარმა ადამიანის უფლებათა ცენტრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით 2018 წელს მიმართა.

2021 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით. კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას შვილების საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც დედის გარდაცვალების დროს 11 და 7 წლის იყვნენ.

ჯეირანოვას ნათესავები მას ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ - 2014 წლის 16 სექტემბერს ქალს თავს დაესხნენ ქმრის ნათესავები, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. საფარის ცნობით, იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები ქალის მამის სახლში გამოიძახეს, თუმცა არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამგებელმა ქალი ოჯახს მხოლოდ იმ ღამით გაარიდა და მომდევნო დილას დედასთან სახლში მიიყვანა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ ის გარდაცვლილი იპოვა.

 


close დახურვა