რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
"ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება" - წერია დოკუმენტში.
პუტინმა ასევე გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება შეესაბამება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაადვილების პრინციპულ მიდგომას. ამასთან, სამინისტრომ გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.