სამეგრელოში შვილზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა დააკავეს.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კაცი, 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. საქმის მასალების მიხედვით, მამამ შვილზე პირველად სექსუალურად მაშინ იძალადა, როდესაც ბავშვი 8 წლის იყო. ამბავი ოჯახის წევრებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფაქტის შესახებ მოზარდის დედამ, შემთხვევით გაიგო.
"ბოლო დღეებში უცნაური საქციელები შევამჩნიეო, კედელზე უცნაურ წარწერებს წერდაო და ოთახში შევუსწარი იმ დროს, როცა გამოსამშვიდობებელ წერილს წერდაო. მეზობლის ბიჭმა გამოტეხაო", - ჰყვება სოფლის გამგებელი შაბათის ფორმულასთან, რომელიც მოზარდის დედასთან დიალოგს იხსენებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამა მოზარდს იარაღით, ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. ძალადობაში ბრალდებული მამა, ბრალს არ აღიარებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კაცი მიმალვაში იყო და სახლიდან გაიქცა, თუმცა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მან არ იცოდა, რომ მოზარდმა ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებს მოუყვა და მთელი დღის განმავლობაში მეზობლებთან სტუმრად იმყოფებოდა. მას ბრალდება ოფიციალურად უკვე წარუდგინეს - სასამართლო პროცესებზე მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
მამის გარდა, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობა ბრალდებულია კიდევ ერთი პირი - მოზარდის 28 წლის მეზობელი. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ის თავად იყო პირველი ადამიანი, რომელსაც გოგონამ მამის მხრიდან ძალადობის შესახებ უთხრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ არასრულწლოვანზე ისიც ძალადობდა. პოლიციამ ის უკვე დააკავა.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, ახლა სავარაუდოდ ბებიისა და ბაბუის სახლში იმყოფება. მას ექსპერტიზა თბილისში უკვე ჩაუტარდა. არასრულწლოვანთან უკვე მუშაობს ფსიქოლოგი. საქმე არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მუხლითაა აღძრული - დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უვადო პატიმრობა ემუქრებათ.