არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევით ქართული ოცნება სასამართლო კლანის მხარდაჭერას უწყობს ხელს, ოპოზიციის ნაწილმა კი ამ ნაბიჯში ხელი შეუწყო.
"კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა.
ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ამ პროცესში", - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ის ხუთი დეპუტატი, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს არიან - ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
ხუთივე მათგანი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" პარტიული სიით მოხვდნენ. დილარ ხაბულიანის გარდა კი დანარჩენი ოთხი დეპუტატი ამ დრომდე ენმ-ს ფრაქციის წევრია.
პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე გადანაწილდა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
კენჭისყრის პროცესი შეჩერდა, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატები ამბობენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი "გაიყიდა".