logo
ENG



დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

17 მაი 202320:14
3 წუთის საკითხავი
clock 1376
ფოტო: ფორმულა/დროება

ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - ის კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ არ წყდება.

"დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.

მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.

ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - ამბობს კეზერაშვილი.

12 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემა ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილს ასახელებს.

სტატიის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელებთან, ე.წ Milton Group-თან კავშირს ადასტურებს. სტატიის ავტორების ვარაუდით, კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია, რის მტკიცებულებადაც ე.წ Milton Group-ის ყოფილ თანამშრომლებს ასახელებს, რომლებმაც ჟურნალისტებს კეზერაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ამას გამოეხმაურა თავად ფორმულას დამფუძნებელი და BBC-ის მიერ გაჟღერებული ბრალდებები უარყო - 12 აპრილს კეზერაშვილმა განაცახდა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არ აქვს. მან ევროპულ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ მიაწვდის ინფორმაციას ქოლ-ცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე. ამასთან, კეზერაშვილმა უარი თქვა ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარი ფორმულას კოლექტივს გადასცა.


close დახურვა