logo
ENG



დაძაბული ვითარება და შეტაკებები - რა ხდება რუსეთის ბელგოროდში და რას აცხადებენ მხარეები

22 მაი 202319:58
3 წუთის საკითხავი
clock 4934
2023/05/22/natkxvuxfkcu9jz.png

რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარება და აფეთქებებია.

რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. დღეს, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. გლადკოვი ამბობს, რომ თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლიც და დაშავდა 5-მდე ადამიანი.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას. მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს. მათივე მტკიცებით, გამშვები პუნქტი ბირთვული იარაღის საცავის მახლობლად მდებარეობს.

რუსი გუბერნატორი ამბობს, რომ მოსახლეობას პანიკის საბაბი არ აქვს და არც მათი ევაკუაცია იგეგმება.

მოგვიანებით, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

პარალელურად რუსული მედია იუწყება, რომ უკრაინელებმა სოფელ გორა-პოდოლში კულტურის სახლი დაიკავეს.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან". 

”ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ტოტალიტარულ ქვეყანაში - ყოველთვის გარდაუვალი ხდება პარტიზანული მოძრაობა, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის", - თქვა პოდოლიაკმა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, მაგრამ უშუალოდ არ არის მასთან დაკავშირებული.

უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი აცხადებს, რომ ბელგოტროდში მიმდინარე ოპერაციაში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობენ.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის რეგიონის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა. ვფიქრობ, ჩვენ ყველას შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ რუსეთის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების გადამწყვეტ ქმედებებს, რომლებიც მზად არიან შეიარაღებული ბრძოლისთვის პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ", - თქვა იუსოვმა.

განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თავად ხსენებულმა მებრძოლებმაც უკვე აიღეს. ისინი აცხადებენ, რომ "რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს". ლეგიონის მებრძოლების თქმით, მათი მიზანი "რუსეთის სრული გათავისუფლებაა".

დღის ბოლოს გუბერნატორმა გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია ამოქმედებული, რაც მოქალაქეებისთვის სპეციალური ზომებისა და შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს, მათ შორის მოქალაქეების საბუთების სისტემატურ შემოწმებას.

რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა ასევე გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადეს, რომ დასახლებული პუნქტები კოზინკა და გორა-პოდოლი [ბელგოროდის ოლქში] "პუტინის რეჟიმისგან გაათავისუფლეს". ამავე მიმართვაში, მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ ისინი გრაივორონში შევიდნენ. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს "წინააღმდეგობა არ გაუწიონ და სახლებიდან არ გამოვიდნენ".

სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

*რუსეთის თავისუფლების ლეგიონი და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი - სამხედრო დაჯგუფებებია, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მოხალისეებისგან შედგება, ასევე რუსი ტყვეებისგან, რომლებმაც ომის პირობებში უკრაინულ მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს. ორივე დაჯგუფება გასული წლის მარტში შეიქმნა. 


close დახურვა