logo
ENG



ენმ-მ მიმართა სემეკს, ელექტროენერგიაზე ტარიფის შესამცირებლად სასწრაფო სხდომა ჩაატაროს

25 მაი 202312:27
3 წუთის საკითხავი
clock 553

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით სასწრაფო სხდომა ჩაატაროს.

პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თემაზე ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სემეკს სხდომის ჩატარებაზე წერილობით უკვე მიმართეს. მისი თქმით, დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, მოსახლეობისთვის ტარიფების კლება შესაძლებელია, თუმცა "რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ძარცვავს ქართველ ხალხს".

"იმ პირობებში, როცა რუსულ პარტიას ლავ სთორი აქვს კრემლთან, პუტინთან, როცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშები საერთოდ გააქრეს, იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად რუსეთ-უკრაინის ომში რუსულ პარტიას უჭირავს რუსეთის მხარე, ამის პარალელურად, ქართველ ხალხს ძარცვავენ რუსულად და რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია, რუსულად უნდა გაძარცვოს ქართველი ხალხი და ამიტომაც არ უნდა ევროკავშირში, ცხადია, სადაც ასეულობით მილიონს ვეღარ მოჰპარავს ქართველ ხალხს და ვეღარ გამდიდრდება. 

ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, იმიტომ რომ როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსი მაღალიაო და ამიტომ მოიმატა ტარიფმაო, თუმცა, როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლებას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, იმიტომ რომ ამ ქვითრის გადახდა ძალიან უჭირს და დღეს აქ წარმოდგენილია ის სქემა, მილიონები, რამდენ მილიონსაც ამ დოლარის კურსის ცვლილებით იგებს რუსული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი.

2021 წელს და ჩვენ 80 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ვყიდულობთ წლიდან-წლამდე, ამისთვის საჭირო იყო 264 მილიონი ლარი, ახლა კი, დოლარის კურსის შესაბამისად, საჭიროა 206 მილიონი ლარი. ამ 58 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ პირდაპირი მნიშვნელობით, იგივეა გაზთან დაკავშირებით. თუ 2021 წელს საჭირო იყო 990 მილიონი ლარი, რომ 300 მილიონი დოლარი გვეყიდა, რითაც გაზს ვიყიდდით, დღეს ამას სჭირდება 774 მილიონი ლარი და სხვაობაა 216 მილიონი. 264 მილიონ ლარს ამ სქემით პირდაპირი მნიშვნელობით იპარავს ბიძინა ივანიშვილი.

გუშინ დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ, იმიტომ რომ არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება. ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მივმართეთ დღეს დილით ოფიციალური წერილით სემეკს, ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ამ დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაიაფებას და აქვე შეგახსენებთ, როცა რუსულ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, 2016 წლიდან ბიძინა ივანიშვილმა გააჩინა შუამავალი კომპანია ჩვენსა და მას შორის, ვისგანაც ვყიდულობთ ელექტროენერგიას და ამ შუამავალი კომპანიით, რომელიც სავარაუდოდ უჩა მამაცაშვილს ეკუთვნის, დამატებით მილიონებს ჰპარავენ მოსახლეობას. ჩვენ ვითხოვთ სემეკისგან სასწრაფო სხდომის ჩატარებას, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.


close დახურვა