საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.
ჯაღმაიძემ ფორმულასთან თქვა, რომ ფაქტის "შეფასებას" არ დაიწყებს და აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან "ევქარისტული კავშირი აქვთ, შესაბამისად, არ არის აკრძალული მსახურებაზე დასწრება".
"ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა. კერძო ვიზიტია, როგორც ჩანს. არ დავიწყებ ახლა შეფასებას ახლა, აკრძალული არ არის არც მილოცვა, არც მსახურებაზე დასწრება, ჩვენ გვაქვს კავშირი ევქარისტული მათთან, უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გავიგეთ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან", - თქვა ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, მოსთხოვენ თუ არა მეუფე ნიკოლოზს ახსნა-განმარტაებას, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ "არა".
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა. 24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ამ დღეს ასევე აღნიშნავენ სლავური დამწერლობისა და კულტურის, ასევე, პატრიარქი კირილეს სახელობის დღეს.
რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ წარმომადგენლები იყვნენ ოთხი ეკლესიიდან - ანტიოქიის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო, სერბეთის საპატრიარქო, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქო.
ლიტურგიას ასევე დაესწრნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, მოსკოვის მერიის წარმომადგენლები, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რუსეთის რეჟიმის სხვა წარმომადგენლები.
ლიტურგიის დროს პატრიარქმა კირილემ რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ საპატრიარქო ინფორმირებული იყო მოსკოვში მისი ვიზიტის შესახებ, თუმცა პატრიარქისთვის არ იყო ცნობილი წირვაზე დასწრების შესახებ. გარდა ამისა, მიტროპოლიტი ფორმულასთან ამბობს, რომ რუსეთის პატრიარქი ომის მხარდამჭერი არაა.