logo
ENG



კობახიძე: ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი იპოვა sovlab-მა, მკვლევრები ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

29 მაი 202313:42
3 წუთის საკითხავი
clock 650
2023/05/29/uohitsquqd4xfrz.jpg

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი იპოვა და ლოკალიზება გაუკეთა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, მისი მკვლევრები ღონისძიებაზე არ მიიწვიეს - კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

მისივე თქმით, გადმოსვენების იდეა ეკუთვნოდა ირაკლი ირემაძეს, რომელიც ღონისძიებაზე ასევე არ დაპატიჟეს.

"მისი საფლავი იპოვა, ლოკალიზება გაუკეთა და უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიასწავლა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - Soviet Past Research Laboratory-ამ. თუმცა, არც ერთი მადლობის განცხადება, არც ხსენება და ბოლოს ღონისძიებაზეც არ მიიწვიეს ლაბორატორიის მკვლევრები. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, პოლიტიკური ნიშნით.

გადმოსვენების იდეა და ინიციატივა ეკუთვნის ირაკლი ირემაძეს, რომელიც ასევე არ დაპატიჟეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ იმედის სახელისუფლებო ისტორიკოსს რომ გაეკეთებინა ეს აღმოჩენა, რამხელა ქოშინი და ამბავი იქნებოდა. ჩვენ გერები ვართ ამ ქვეყანაში", - წერს ის.

28 მაისს სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მისი საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მოძიებული, ხოლო მისი ნეშტის გადმოსვენება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. მთავრობა არაფერს ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასა და ირაკლი ირემაძეზე, რომლებიც ბექა კობახიძის ცნობით, ამ პროცესში მონაწილეობდნენ.


close დახურვა